პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ მთელმა ოპოზიციამ არჩევნების გაყალბებაზე გამოთქმული ბრალდებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადოს.
როგორც თალაკვაძემ ღამის კურიერის ეთერში განაცხადა, ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულმა პარალელურმა დათვლამ დაადასტურა ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. აღნიშნულ კონტექსტში მან ოპოზიციის ბრალდებებს "უსაფუძვლო" უწოდა.
"დღეს უკვე დადასტურდა ამ განცხადებით, პარალელური დათვლის შედეგებით, რომ არჩევნებში არანაირი გაყალბება არ ყოფილა, რომ მანდატების რაოდენობა სინამდვილეში არის ზუსტად ისე გადანაწილებული, როგორც ეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის შედეგებში აჩვენა. ცესკოს პარალელურად ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელიც წლების განმავლობაში აკვირდება საქართველოს არჩევნებს და ითვლის პარალელურად, დამოუკიდებლად არჩევნების შედეგებს, 800-ზე მეტ უბანზე, დღეს მოვისმინეთ განცხადება, რომ პარალელური დათვლის შედეგები პრაქტიკულად ემთხვევა ცესკოს შედეგებს. ამ ინფორმაციით გაიხსნა მთავარი კვანძი და პასუხი გაეცა კითხვას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა", - განაცხადა თალაკვაძემ.
სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა.
ცნობისთვის, დღეს ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.
აღნიშნულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა კობახიძის მტკიცებით, შეხვედრაზე, რომელიც მისივე თქმით, 2-3 კვირის წინ შედგა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ორგანიზაციის მეთოდოლოგიით დაინეტერესდნენ.